X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ილია ბეგიაშვილი - იმერეთის რეგიონში 155 მილიონი ლარის 1365 პროექტი განხორციელდა

15 დეკემბერი 2022

,,2022 წელი საკმაოდ უხვი იყო ინფრასტრუქტურული პროექტებით, აქ იგულისხმება როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროექტები, ისე ყველა იმ ფონდის პროექტი, რომელიც სამინისტროს ეგიდის ქვეშ არის მოქცეული“-ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა იმერეთის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

იმერეთის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე და დასრულებული პროექტები მოინახულეს, ასევე,  სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის მხარეში  ზვიად შალამბერიძემ და  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. 

ობიექტებს შორის იყო, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები, თერჯოლის მუნიციპალიტეტში ბაღის მშენებლობა და სოფელ ახალთერჯოლაში სასმელი წყლის ქსელის მოწყობის პროექტი, ქუთაისში საგზაო ინფრასტრუქტურისა  და სპორტული სკოლის რეაბილიტაციის სამუშაოები, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფლის გზის რეაბილიტაცია.

ილია ბეგიაშვილის თქმით, წელს ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით, 6 ათასი პროექტი მიმდინარეობდა. ფონდების მიერ დაფინანსებული პროექტების წილმა იმერეთის მხარეში  155 მილიონ ლარამდე შეადგინა, რაშიც შედის რეგიონული განვითარების ფონდი, მთის განვითარების ფონდი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები სკოლებში, სტიქიების ლიკვიდაცია, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები.

2022 წელს იმერეთის რეგიონში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა სამუშაოების შესყიდვა ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა განახორციელეს, დასაქმებულთა რაოდენობამ 2 200-ზე მეტი ადგილობრივი შეადგინა.

,,ჯამურად  იმერეთის რეგიონში 1365 პროექტი განხორციელდა. 12-ვე მუნიციპალიტეტში სრულად არის შესრულებული  გეგმა-გრაფიკი, როგორც ერთწლიან, ასევე მრავალწლიან პროექტებში. მასშტაბზე მეტყველებს ისიც,  რომ  წელს მხოლოდ იმერეთის რეგიონში 250 კილომეტრი გზა დაიგო. განხორციელდა  ბაღების და სკვერების რეაბილიტაცია, ასევე წყალმომარაგების პროექტები, მოწესრიგდა ტურისტული ინფრასტრუქტურა. დარწმუნებული ვარ, რომ  2023 წელი წლევანდელზე ნაკლები არ იქნება,  არა მხოლოდ იმერეთის რეგიონისთვის, არამედ მთლიანად საქართველოს მასშტაბით. მინდა მადლობა გადავუხადო მხარის წარმომადგენლებს, თითოეული მუნიციპალიტეტის მერს და იმ სტრუქტურებს, რომლებიც ახორციელებდნენ ამ პროექტებს“-განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.

,,2022 წელს  იმერეთში 1365 პროექტი განვახორციელეთ.  შევძელით მოგვეცვა ისეთი სფეროები, როგორებიცაა საგზაო  და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა, საბავშვო ბაღების მშენებლობა, სამედიცინო ინფრასტრუქტურა. ასევე,  ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება ჩვენი ქვეყნისთვის და რეგიონებისთვის - სოფლების წყალმომარაგებით უზრუნველყოფა.  ფაქტობრივად წლის ბოლოს ყველა პროექტი უკვე დასასრულს მიუახლოვდა, ძირითადი ნაწილი დასრულებულია და მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი ბიუჯეტით  მეტ პროექტს დავიწყებთ და ასეთივე წარმატებით დავასრულებთ“-აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.